თურქეთის ცენტრალურ ნაწილში კიდევ ერთი, ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ BBC წერს.
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრის სიმძლავრე 5.5 მაგნიტუდას შეადგენდა და მისი ეპიცენტრი ქალაქ გოლბასის მახლობლად დაფიქსირდა. ამასთან, საფრანგეთში დაფუძნებული ევროპულ-ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრის შეფასებით, მიწისძვრის სიმძლავრე 5.6 მაგნიტუდა იყო.
როგორც აშშ-ის გეოლოგიურ სამსახურში აცხადებენ, თურქეთში გუშინ დილით მომხდარი მიწისძვრის შემდეგ მინიმუმ 100 ბიძგი დაფიქსირდა, რომელთა სიმძლავრე მინიმუმ 4.0 მაგნიტუდა იყო. ბოლო მონაცემებით, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 4300-ს გადააჭარბა.