წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა დაადასტურა, რომ უკრაინის ქალაქ ხერსონის მერი იგორ კოლიხაევი, რომელიც ამ თანამდებობას რუსეთის უკრაინაში შეჭრის დროს იკავებდა, ტყვეობაში იმყოფება. ამის შესახებ კოლიხაევის შვილმა, სვიატოსლავ კოლიხაევმა განაცხადა.

მისი თქმით, მერის ზუსტი ადგილმდებარეობა და ჯანმრთელობის მდგომარეობა უცნობია. "მე დავუკავშირდი წითელ ჯვარს, და მხოლოდ ის მითხრეს, რომ რუსულმა მხარემ მამაჩემი სამხედრო ტყვეთა სიაში შეიყვანა", - აცხადებს კოლიხაევის შვილი.

იგორ კოლიხაევი ხერსონის ადმინისტრაციას 2020 წლის ნოემბრიდან ხელმძღვანელობს. გასული წლის მარტში ხერსონი რუსულმა სამხედროებმა დაიკავეს. ივნისში სამხედროებმა მერი, პირდაპირ თავისი ოფისიდან, გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. დიდი ხნის განმავლობაში იგორ კოლიხაევი დაკარგულად მიიჩნეოდა.