დონალდ ტრამპმა ივლისში, NATO-ს სამიტის შემდეგ, თურქეთი ირანის მხრიდან სავარაუდო სარაკეტო საფრთხის გამო მალულად დატოვა. „ვაშინგტონ პოსტის“ ცნობით, თვალის ასახვევად ტრამპი Air Force One-ში ჩაჯდა, შემდეგ აეროპორტის საკვები მანქანის გამოყენებით სხვა სამხედრო თვითმფრინავში გადავიდა.
„ვაშინგტონ პოსტმა“ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ დატოვა დონალდ ტრამპმა თურქეთი ივლისის დასაწყისში, NATO-ს სამიტის დასრულების შემდეგ.
თეთრი სახლის ოფიციალური განცხადებით, ტრამპი ანკარიდან ძველ Air Force One-ით გაფრინდა დიდი ბრიტანეთის ქალაქ RAF Mildenhall-ში. თავად ტრამპმაც Truth Social-ზე დაწერა, რომ ახალი Air Force One დიდ ბრიტანეთში გაგზავნა, რათა მამაცი სამხედრო მოსამსახურეებისთვის ამ ახალი და მართლაც შთამბეჭდავ საპრეზიდენტო თვითმფრინავის ნახვის შესაძლებლობა მიეცა, თვითონ კი ძველი დროს გაიხსენებდა და ბრიტანეთში ძველი Air Force One-ით გადაფრინდებოდა.
თუმცა, „ვაშინგტონ პოსტის“ თქმით, ეს ყველაფერი იყო იმ საიდუმლო ოპერაციის ნაწილი, რომლის შესახებ არაფერი იცოდა არც თანმხლებმა პრესამ და არც თეთრი სახლის იმ ჩინოვნიკებმა, რომლებიც სატყუარა თვითმფრინავში იმყოფებოდნენ.
კამერების წინ თვითმფრინავში ჩასვლის შემდეგ, ტრამპი აეროპორტში საიდუმლოდ საკვები მანქანით, ე.წ. catering truck-ით გადასვეს სამხედრო თვითმფრინავში, C-32A-ში.
მედიის ინფორმაციით, გადაწყვეტილების მიზეზი ირანის მხრიდან სარაკეტო საფრთხე გახდა. ისრაელის დაზვერვამ აშშ-ს გააფრთხილა შესაძლო თავდასხმის შესახებ. ამის გამო უსაფრთხოების სამსახურებმა გადაწყვიტეს, რომ ახალი, კატარის მიერ ნაჩუქარი თვითმფრინავი, რომელსაც ჯერ არ ჰქონდა საკმარისი თავდაცვითი სისტემები, არ გამოეყენებინათ.
წყარო: „ვაშინგტონ პოსტი“ / „ეიბისი ნიუსი“
მოამზადა რაულ კაპანაძემ




