გენერალი კიტ კელოგი დონალდ ტრამპის მიერ რუსეთ-უკრაინის ომის საკითხზე სპეციალურ წარმომადგენლად დანიშვნას ეხმიანება.
"ჩემთვის პატივია დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება, დამნიშნოს ასისტენტად და სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთ-უკრაინის ომის საკითხში. მასთან მუშაობა ჩემთვის პრივილეგიაა და მზად ვარ დაუღალავად ვიმუშაოთ მშვიდობის დასამყარებლად ძალის მეშვეობით და დავიცვათ ამერიკის ინტერესები" - წერს კელოგი სოციალურ ქსელ X-ზე.
"მშვიდობა ძალის მეშვეობით" პოპულარული ფრაზაა ამერიკელ კონსერვატორებს შორის, რომელსაც, ხშირად, სხვადასხვა კონტექსტში იყენებენ. ეს ფრაზა განსაკუთრებით პოპულარული იყო ამერიკის მეორმოცე პრეზიდენტის, რონალდ რეიგანის პრეზიდენტობის წლებში და მისი საგარეო პოლიტიკის ქვაკუთხედადაც მიიჩნეოდა.