აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კიდევ რამდენიმე წყალსატევისთვის სახელის გადარქმევის წინადადება წამოაყენა - ონტარიოს ტბისა და მექსიკის ყურისთვის სახელწოდებების შეცვლის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებების კვალდაკვალ.
"ჩვენ უკვე გვაქვს ყურე. ჩვენ გვაქვს შესანიშნავი ტბა. ახლა კი ვიღაცამ თქვა: თქვენ გჭირდებათ მდინარე. ჩვენ გვჭირდება მდინარე. ჩვენ გვჭირდება ოკეანე", - განაცხადა მან კლარკსვილში (ტენესის შტატი) გამართულ წინასაარჩევნო მიტინგზე.
ტრამპმა წამოაყენა წინადადება სახელის გადარქმევის შესახებ ატლანტის ან წყნარი ოკეანისთვის და დასძინა, რომ ახალი სახელი შეიძლება, მასთან იყოს დაკავშირებული. "ჩვენ მას "ტრამპის ოკეანეს" ან "ამერიკელების ოკეანეს" დავარქმევთ", - განაცხადა მან სიცილისა და აპლოდისმენტების ფონზე. - "ვფიქრობ, სანამ მე წავალ, ჩვენ ჩვენი ოკეანე უნდა გვქონდეს. და ჩვენ გვჭირდება დიადი მდინარე".
მეორე საპრეზიდენტო ვადის დაწყებიდან ტრამპმა არაერთხელ წამოაყენა წინადადება მსხვილი გეოგრაფიული ობიექტებისა და სხვადასხვა დაწესებულებისთვის სახელის გადარქმევის შესახებ. 2025 წლის იანვარში მისი ინიციატივით მექსიკის ყურეს ამერიკული ეწოდა, ხოლო ალასკაზე მდებარე დენალის მთებს - ისევ მაკ-კინლი. პირველი გადაწყვეტილება გააკრიტიკეს მექსიკაში და აღნიშნეს, რომ წინა სახელწოდება მრავალი საუკუნის განმავლობაში გამოიყენებოდა საერთაშორისო ნავიგაციაში.
2026 წლის აგვისტოში ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას ონტარიოს ტბისთვის სახელის შეცვლისა და "ამერიკის ტბი" დარქმევის შესახებ. კანადის საზღვართან მდებარე ხუთი დიდი ტბიდან ერთ-ერთისთვის სახელის გადარქმევის შესახებ გადაწყვეტილება თეთრი სახლის ხელმძღვანელმა ოტავასთან სავაჭრო გარიგების ჩაშლის ფონზე მიიღო. კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ გააკრიტიკა ეს ნაბიჯი და შეახსენა, რომ სახელწოდება ონტარიო უკვე 400 წელზე მეტს ითვლის და ის გაცილებით ადრე გაჩნდა, ვიდრე კანადის კონფედერაცია ჩამოყალიბდებოდა და აშშ-ის დამოუკიდებლობის დეკლარაციას მიიღებდნენ.
აშშ-ის პრეზიდენტს შეუძლია, გამოიყენოს თავისი უფლებამოსილება წყალსატევებისა და სხვა გეოგრაფიული ობიექტებისთვის სახელის გადასარქმევად.




