"უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი არ არის ის ადამიანი, ვისთანაც ჩვენ საქმის დაჭერა გვმართებს. სინამდვილეში იგი არ არის განწყობილი იმისთვის, რომ უკრაინაში ომის დასრულებაზე მოილაპარაკოს", - ამგვარი განცხადებებით აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ტელეკომპანია Newsmax-თან ინტერვიუში გამოვიდა.
"ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, ისინი დადებენ რაიმე შეთანხმებას, მაგრამ მათ არ შეუძლიათ მისი დადება მასთან (ვოლოდიმირ ზელენსკისთან). მას არ სურს მოლაპარაკება. იგი ამბობს, რომ სურს მოლაპარაკება, მაგრამ ეს ასე არ არის. მე ზელენსკის დიდი თაყვანისმცემელი არ ვარ. მათ (ზელენსკის მთავრობამ) დაანგრიეს ეს ქვეყანა", — დასძინა ტრამპმა.
ცოტა მოგვიანებით, ამავე ინტერვიუში მან განაცხადა, რომ პუტინს სძულს ზელენსკი და ზელენსკის სძულს პუტინი, ხოლო "ამგვარი სიძულვილის პირობებში რაიმეზე შეთანხმება ძალიან რთულია".
შეკითხვაზე, დასრულდება თუ არა, მისი აზრით, ომი უკრაინაში მისი საპრეზიდენტო ვადამდე, ტრამპმა უპასუხა: "იგი მალე უნდა დასრულდეს. ვფიქრობ, რომ ორივეს სურს მისი დასრულება. მაგრამ, მიმაჩნია, რომ ზელენსკისთან საქმის დაჭერა უფრო რთულია, ვიდრე პუტინთან".
უკრაინის მიერ რუსულ ნავთობგადასამუშავებელ ქარხნებზე დარტყმების განახლების კომენტირებისას, დონალდ ტრამპმა ამას სირცხვილი უწოდა. შეახსენა რა, რომ უკრაინაში ომს დიდი რაოდენობით ადამიანი ეწირება, მან ხაზგასმით აღნიშნა: "მე მინდა, რომ ზელენსკი გაჩერდეს, მე მინდა, რომ პუტინი გაჩერდეს. თქვენ ამბობთ, რომ ზელენსკიმ კვლავ დაიწყო ნავთობგადასამუშავებელ ქარხნებზე დარტყმა. ყველაფერი, რასაც იგი აკეთებს — ნავთობზე მსოფლიო ფასების აწევაა. ვფიქრობ, ეს სირცხვილია. არსებობს იმდენი სამიზნე, რომლებზეც დარტყმა შეიძლება. მაგრამ თუ თქვენ ურტყამთ დიზელის ნავთობგადასამუშავებელ ქარხნებს, ისინი კი აწარმოებენ დიზელის საწვავს, რომელიც გვჭირდება ჩვენ და სჭირდება მსოფლიოს, იგი მსოფლიოს ცუდ სამსახურს უწევს".




