აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის პოზიცია ყირიმის რუსეთის ტერიტორიად არაღიარების შესახებ ძალიან საზიანოა სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის. ამის შესახებ ტრამპი Truth Social-ზე წერს.

ტრამპის თქმით, ზელენსკის განცხადება, რომ უკრაინა იურიდიულად არ აღიარებს ყირიმის ოკუპაციას, "ძალიან საზიანოა რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის, ვინაიდან ყირიმი მრავალი წლის წინ დაიკარგა პრეზიდენტ ბარაკ ჰუსეინ ობამას ეგიდით და განხილვის საგანიც კი არ არის.

არავინ სთხოვს ზელენსკის ყირიმის რუსეთის ტერიტორიად აღიარებას, მაგრამ თუ მას ყირიმი სურს, რატომ არ იბრძოდნენ ამისთვის თერთმეტი წლის წინ, როცა ის რუსეთს ერთი გასროლის გარეშე გადაეცა?" – წერს ტრამპი.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ყირიმის ანექსიამდეც "იქ მდებარეობდა რუსული წყალქვეშა ნავების ძირითადი ბაზები".

"ზუსტად ისეთი წამქეზებლური განცხადებები, როგორიც ზელენსკის აქვს, ართულებს ამ ომის მოგვარებას. მას არაფერი აქვს საამაყო! სიტუაცია უკრაინისთვის სავალალოა - მას შეუძლია მიიღოს მშვიდობა ან იბრძოლოს კიდევ სამი წელი, ვიდრე მთელ ქვეყანას დაკარგავს", - წერს ტრამპი.