ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი, რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი, რომელიც არჩევნებში ჩარევის მცდელობაშია ბრალდებული, პატიმრობის თავიდან ასაცილებლად 200 000 დოლარის გირაოს გადაიხდის.
თანხა ჯორჯიის შტატის ქალაქ ატლანტის ფულტონის ოლქის მოსამართლემ განსაზღვრა, რასაც წინ უძღოდა ტრამპის ადვოკატების და საოლქო პროკურორის შეთანხმება.
გირაოს გადახდის გარდა, ტრამპს ეკრძალება მოწმეების და თანამზრახველების დაშინება, მათ შორის სოციალური ქსელებით პოსტების გამოქვეყნების გზით, სხვა ბრალდებულებთან კონტაქტს კი, მხოლოდ ადვოკატების თანდასწრებით შეძლებს.
2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების უკანონოდ შეცვლის მცდელობის საქმეზე ტრამპთან ერთად ბრალდებულია 18 პირი, მათ შორის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი მარკ მედოუზი და ნიუ-იორკის ყოფილი მერი, ტრამპის ყოფილი ადვოკატი რუდი ჯულიანი.
დონალდ ტრამპი 24 აგვისტოს უნდა გამოცხადდეს ფულტონის ოლქის ციხეში, სადაც დაპატიმრების სტანდარტული პროცესი ჩატარდება - მას თითის ანაბეჭდებს აუღებენ და ფოტოებს გადაუღებენ. აშშ-ის ექსპრეზიდენტი პატიმრობიდან გირაოს საფუძველზე გათავისუფლდება. ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელ Truth-ში დაწერა, რომ ხუთშაბათს მიემგზავრება ატლანტაში, ჯორჯიის შტატში, რათა დააპატიმროს „მემარცხენე რადიკალმა“ საოლქო პროკურორმა ფანი უილისმა. პროკურორი უილისი დემოკრატიული პარტიის წევრია. მან ფულტონის ოლქის მოსამართლეს მიმართა, რომ ტრამპის სასამართლო პროცესი მომავალი წლის მარტიდან დაიწყოს.
აშშ-ში დონალდ ტრამპის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის 4 საქმე, მათ შორის დანაშაულისთვის სახელმწიფოსა და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ. ეს საქმე ეხება 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ განვითარებულ მოვლენებს, როცა ტრამპმა არჩევნების შედეგები არ აღიარა და ამას მოჰყვა კაპიტოლიუმზე მისი მომხრეების თავდასხმა. ტრამპი, რომელიც 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრას აპირებს და ამჟამად აქტიურ საარჩევნო კამპანიას აწარმოებს, ყველა ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს.
მილიარდერი ბიზნესმენი, რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტი იყო 2017 წლის 20 იანვრიდან 2021 წლის 20 იანვრამდე. 2020 წლის ნოემბრის არჩევნებში მეორე ვადით კენჭისყრისას ტრამპი დამარცხდა დემოკრატ ჯო ბაიდენთან, თუმცა მარცხს არ აღიარებდა და აცხადებდა, რომ არჩევნები გაყალბდა. 2021 წლის 6 იანვარს, ჯო ბაიდენის ინაუგურაციამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე, დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ და მოითხოვდნენ, რომ კონგრესს არ ეღიარებინა საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება. მასობრივი არეულობების შედეგად დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის პოლიციელი. კაპიტოლიუმზე თავდასხმის გამო ბრალდებულია 1000-ზე მეტი პირი.2022 წლის ნოემბერში დონალდ ტრამპმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ კენჭს იყრის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.