აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთის ხელისუფლებას ამერიკელი მოქალაქის, საზღვაო-ქვეითი რობერტ გილმანის გათავისუფლებისთვის მადლობა გადაუხადა. არსებული ინფორმაციით, გილმანი 2022 წლის იანვარში, სოხუმი-მოსკოვის მატარებლით მგზავრობისას, ვორონეჟში დააკავეს.

რუსულმა მხარემ გილმანს ბრალი ძალადობაში და ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ პოლიციის თანამშრომელზე თავდასხმაში დასდო. თავად გილმანი ბრალს უარყოფდა.

დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე დაწერა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეთანხმების შედეგად გილმანის გათავისუფლება მოხერხდა.

„მადლობას ვუხდი პრეზიდენტ პუტინს და რუსეთის მთავრობას ჰუმანური ნაბიჯისთვის“, - აღნიშნა ტრამპმა და განსაკუთრებით გაუსვა ხაზი, რომ „რუსეთს სანაცვლოდ არაფერი მოუთხოვია და არანაირი გაცვლა არ მომხდარა"



გილმანის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული შეშფოთება მას შემდეგ გამწვავდა, რაც ის 30 ივნისს ციხის საავადმყოფოდან ვორონეჟის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაიყვანეს. არაკომერციული ორგანიზაცია „Global Reach“-ის ცნობით, რომელიც გილმანის ოჯახთან მუშაობდა, საავადმყოფოს ექიმებმა მისი მდგომარეობა „სერიოზულ და სიცოცხლისთვის საშიშად“ შეაფასეს.

ჯგუფმა განაცხადა, რომ გილმანის მდგომარეობის სწრაფად გაუარესებამ აშშ-ის მთავრობა ჩარევისკენ უბიძგა, რამაც საბოლოოდ რუსეთის ხელისუფლების მიერ მისი ჰუმანიტარული მიზეზების გამო გათავისუფლება გამოიწვია.

„მე უზომოდ მადლიერი ვარ პრეზიდენტ ტრამპის ჩემი ძმის სიცოცხლის გადარჩენისთვის“, - განაცხადა გილმანის დამ, ლექსი ჰადსონმა. „რობერტის დღეს ცოცხალი ყოფნის სხვა მიზეზი არ არსებობს, გარდა იმისა, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა ამ საქმის შესახებ შეიტყო და ზომები მიიღო“.

The Hill-ის მიხედვით მოამზადა რაულ კაპანაზემ