აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მექსიკის პრეზიდენტთან, კლაუდია შაიბაუმთან სატელეფონო საუბარი გამართა.
როგორც ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, კლაუდია შაიბაუმი სამხრეთის საზღვრის დახურვას დათანხმდა.
"დათანხმდა, რომ შეაჩეროს მიგრაცია აშშ-ში მექსიკის გავლით და ეფექტურად დახუროს ჩვენი სამხრეთის საზღვარი", – დაწერა ტრამპმა.
მას მალევე გამოეხმაურა მექსიკის პრეზიდენტი, რომელმაც აღნიშნა, რომ მექსიკის პოზიციაა არა საზღვრების დახურვა, არამედ მიგრაციის პრობლემის მოგვარება ადამიანების უფლებების დაცვით.
შაიბაუმმა სოციალურ ქსელში ასევე დაწერა, რომ ტრამპთან არაჩვეულებრივი საუბარი ჰქონდა.
"ჩვენ განვიხილეთ მექსიკის სტრატეგია მიგრაციის ფენომენთან დაკავშირებით", – დაწერა მექსიკის პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ ჩრდილოეთის საზღვარზე მიგრანტების ნაკადი არ არის, რადგან მათზე მექსიკაშივე "ზრუნავენ".