ამერიკის პრეზიდენტმა პოზიცია კიდევ ერთხელ შეცვალა. დონალდ ტრამპმა დღეს, 14 ივლისს, სოციალურ ქსელ Truth-ში განაცხადა, რომ უარს ამბობს თავის გეგმაზე, რომელიც ჰორმუზის სრუტეში გამავალ გემებზე 20%-იანი გადასახადის დაწესებას ითვალისწინებდა.
„გადავწყვიტე, აშშ-ის სასარგებლოდ გადასახდელი 20%-იანი საკომპენსაციო საფასური ჩავანაცვლო სავაჭრო და საინვესტიციო შეთანხმებებით, რომლებსაც ყურის სხვადასხვა ქვეყანა გააფორმებს შეერთებულ შტატებთან. ეს ინვესტიციები იქნება მასშტაბური და, ამავდროულად, უაღრესად სასარგებლო მათთვის და მათი მომავლისთვის“, — ვკითხულობთ მის პოსტში.
ერთი დღით ადრე, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის „ანაზღაურებას“ მიიღებდა. მან ასევე აღნიშნა, რომ ამერიკა „კონტროლს აწესებდა“ ამ სტრატეგიულ საზღვაო გზაზე, რომელიც ირანთან დაპირისპირების მთავარი კერაა.
„ჩვენ ფულს გადაგვიხდიან მის დასაცავად. ეს იქნება სოლიდური თანხა; ჩვენ უბრალოდ გვინდა, რომ აგვინაზღაურდეს ხარჯები იმის გამო, რომ ჩვენს ჯარებს საფრთხის ქვეშ ვაყენებთ“, - განაცხადა მაშინ ამერიკის პრეზიდენტმა და ახსენა 20%-იანი მოსაკრებელი, რომელიც სრუტეში გამავალ ყველა ტვირთს დაეკისრებოდა.
ამავდროულად, დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი მზადყოფნა ირანის პორტების „სრული ბლოკადის“ დაწესების შესახებ, რომელიც, ამერიკელი სამხედროების განცხადებით, სამშაბათს, გრინვიჩის დროით 20:00 საათზე ამოქმედდება.




