25 წლის იაპონელმა ინფლუენსერმა და ბლოგერმა მინა ჩანმა საკუთარი სახლიდან ჩართული TikTok-ის პირდაპირი ეთერის დროს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გავრცელებული ინფორმაციით, ტრაგედიის მიზეზი კიბერბულინგი და მძიმე ფსიქოლოგიური ზეწოლა გახდა, რომელსაც გოგონა თვეების განმავლობაში ღია სივრცეში განიცდიდა.
ახლობლებისა და ადგილობრივი მედიის ცნობით, მინა ჩანი ბოლო პერიოდში ინტერნეტმომხმარებლების მხრიდან სისტემატური თავდასხმებისა და დაუნდობელი კრიტიკის სამიზნე იყო. ჰეიტერები მას სხვადასხვა საკითხზე მუდმივად აკრიტიკებდნენ, რაც ყოველდღიურ რეჟიმში რთულად ასატან ფსიქოლოგიურ წნეხში გადაიზარდა.
ტრაგიკულ დღეს ბლოგერმა გადაწყვიტა, გულშემატკივრებისთვის და მიმდევრებისთვის პირდაპირი ეთერით მიემართა, თუმცა სიტუაცია მალევე უკიდურესად დაიძაბა. ეთერის მსვლელობისას, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მაყურებელი მის მხარდაჭერას ცდილობდა, ნეგატიური კომენტარების ნაკადმა კულმინაციას მიაღწია, რამაც ფატალური შედეგი გამოიწვია.
მომხდარმა ფაქტმა სოციალური მედიის პლატფორმებზე უდიდესი მღელვარება გამოიწვია. იაპონურ და საერთაშორისო სივრცეში აქტიურად მსჯელობენ ინტერნეტსივრცეში უსაფრთხოების ზომებისა და პლატფორმების პასუხისმგებლობის შესახებ.
ფსიქოლოგები და უფლებადამცველები მიუთითებენ, რომ ციფრული ძალადობა ზუსტად ისეთივე მძიმე ტრავმებს აყენებს ადამიანს, როგორც ფიზიკური ბულინგი.
საზოგადოება მოითხოვს, რომ სოციალურმა ქსელებმა, კერძოდ TikTok-მა, კიდევ უფრო მკაცრი მექანიზმები დანერგონ ჰეიტ-კომენტარებისა და პირდაპირი ეთერების დროულად შესაჩერებლად, რათა მსგავსი ტრაგედიები თავიდან იქნეს აცილებული.




