კანადის ქალაქ ტორონტოს აეროპორტში ამერიკული ავიაკომპანია Delta Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავი (Bombardier CRJ900LR), რომელშიც 76 მგზავრი და ეკიპაჟის 4 წევრი იმყოფებოდა, დაშვებისას ამოტრიალდა. 

მედიასაშუალებები ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ მომხდარის შედეგად დაშავდა 18 ადამიანი, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამის მდგომარეობა მძიმეა.

თვითმფრინავი ტორონტოში აშშ-ის ქალაქ მინეაპოლისიდან 17 თებერვალს ჩავიდა. ავიაკომპანია Delta Airlines-მა დააზუსტა, რომ რეისს მისი შვილობილი კომპანია Endeavor Air-ი ასრულებდა.

კანადის სატრანსპორტო უსაფრთხოების სამმართველომ ინციდენტის გამოძიება დაიწყო.

მედიასაშუალებებით გავრცელდა ვარაუდი, რომ თვითმფრინავი ე.წ. გვერდითი ქარის გამო ამოტრიალდა. ეს ვერსია უარყო აეროპორტის სახანძრო სამსახურის ხელმძღვანელმა. მისი ინფორმაციით, ქარი არ ყოფილა და დასაფრენი ზოლიც მშრალი იყო.