თურქეთის ხელისუფლება სამხედრო გადატრიალების წარუმატებელი მცდელობის შემდეგ გათავისუფლებული სამხედრო მოსამსახურეების კადრების შევსებას გეგმავს. სწორედ ამ მიზნით, ოფიციალური ანკარა ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში 30 ათასზე მეტი ოფიცრისა და ჯარისკაცის მიღებას გეგმავს,-ინფორმაციას სააგენტო AFP ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

კერძოდ, სააგენტოს ინფორმაციით, თურქეთის შეიარაღებულ ძალებში 1,322 ოფიცრის, 3.547 სერჟანტის, 7159 გაწვრთნილი ჯარისკაცისა და 11.907 კონტრაქტორი ჯარისკაცის მიღება იგეგმება.

სამხედრო გადატრიალების წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, თურქეთის ხელისუფლებამ მინიმუმ 60 ათასი ადამიანი დააკავა, თანამდებობიდან გაათავისუფლა და მუშაობა შეუჩერა. მათ შორის არიან სამხედრო მოსამსახურეები და პოლიციელები, პედაგოგები, უნივერსიტეტის დეკანები და ჟურნალისტები.

მიმდინარე წლის აგვისტოს დასაწყისში თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის გამო 22 ათასი ადამიანი დააკავეს.

მიმდინარე წლის 16 ივლისს თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა მოხდა, მაგრამ გადატრიალება ჩაახშეს. არეულობის შედეგად  246 ადამიანი დაიღუპა და ორი ათასზე მეტი დაშავდა.

სამხედრო გადატრიალების ჩახშობის შემდეგ, თურქეთში სამთავრობო,  საჯარო უწყებებში, არმიაში, სპეცსამსახურებში, საგანმანათლებლო დაწესებულებებში მასობრივი რეპრესიები და დაკავებები დაიწყო, რაც დღემდე მიმდინარეობს.