ბრიტანული The Independent ახლახან გამოქვეყნებულ სტატიაში ელექტროენერგიის ტარიფების მატებით გამოწვეული მზის ენერგიის ბუმის ფონზე მზის პანელებთან დაკავშირებული ხანძრების რიცხვი მკვეთრად ზრდაზე და უსაფრთხოების და ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტების დაცვის აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას.
ინფორმაციის თავისუფლების წესებით მოპოვებული მონაცემების ანალიზი აჩვენებს, რომ მზის პანელებთან დაკავშირებული ხანძრების რაოდენობა გასულ წელს ექვსჯერ მეტი იყო, ვიდრე 10 წლის წინ. ამასთან, მიმდინარე წლის ივლისამდე პერიოდში უკვე დაფიქსირდა 66 ხანძარი, რაც მეტია, ვიდრე 2019 წელს 12 თვის განმავლობაში იყო (63 ხანძარი).
უსაფრთხოების ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მზის პანელების დამყენებელი კომპანიების საქმიანობა არასაკმარისადაა რეგულირებული, - წერს The Independent
აღსანიშნავია, რომ ივნისში მზის პანელებიან სახლებში ხანძრების რაოდენობის ზრდაზე, ერთი მხრივ და ასეთ სახლებში რაიმე მიზეზით გაჩენილი ხანძრის ჩაქრობის სირთულეებზე ნორვეგიის სამაუწყებლო კორპორაციის პორტალზე გამოქვეყნებულ სტატიაში იყო საუბარი. სტატიაში მეხანძრეები აღნიშნავდნენ, რომ იმ შემთხვევაც კი, როდესაც მზის პანელისგან ობიექტის ელექტროგაყვანილობის კვების სისტემა ჩახსნილია, პანელი განაგრძობს ელექტროენერგიის გამომუშავებას და საფრთხეს უქმნის მეხანძრეებს.