პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მომავალ კვირას, ჩინეთში, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) სამიტის ფარგლებში, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან და ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან შეხვედრას გეგმავს. ეს ამ ლიდერების პირველი სამმხრივი შეხვედრა იქნება.

ამის  ინფორმაციას THE HILL-ი ავრცელებს.

ტრამპი აზიაში ვიზიტის ფარგლებში ფილიპინებში სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის (ASEAN) სამიტს, ხოლო ჩინეთში APEC-ის სამიტს დაესწრება.

"პრეზიდენტმა ნათლად განაცხადა, რომ სხვა საკითხებთან ერთად, მსოფლიოში ბირთვული იარაღის შემცირებას განიხილავს. პრეზიდენტ ტრამპის აზრით, ბირთვული იარაღის გავრცელება ძალიან სახიფათოა", - განუცხადა ჟურნალისტებს თეთრი სახლის წარმომადგენელმა ოლივია უელსმა.

აშშ-ის მაღალჩინოსნის განცხადებით, შეხვედრის შედეგად რაიმე შეთანხმების ხელმოწერა მოსალოდნელი არ არის.

"ამ შეხვედრას დავახასიათებდი, როგორც საწყის ეტაპს - ამ ქვეყნების ლიდერებს შორის პირველ საუბარს. ვიმედოვნებ, რომ ეს საუბარი მომავალში ნაყოფიერი თანამშრომლობის საფუძველი გახდება", - განაცხადა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა. მისივე თქმით, შეხვედრაზე ირანის საკითხსაც განიხილავენ, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პრეზიდენტი უკრაინის საკითხის განხილვას არ აპირებს.

ტრამპმა ამ თვის დასაწყისში უკვე მიანიშნა, რომ პუტინთან და სი ძინპინთან შეხვედრას გამართავდა, თუმცა შეხვედრის ჩატარება ოფიციალურად ახლა დადასტურდა. აშშ-სა და რუსეთს შორის ბირთვული შეიარაღების კონტროლის შესახებ ბოლო შეთანხმებას - "სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შემცირების ახალ ხელშეკრულებას" (New START) - მოქმედების ვადა თებერვალში ამოეწურა. ხელშეკრულების მოქმედება ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს ხუთი წლით გახანგრძლივდა. იგი ზღუდავდა იმ განთავსებული სტრატეგიული ბირთვული ქობინებისა და მათი გადამტანი გამშვები დანადგარების რაოდენობას, რომელთა ქონაც აშშ-სა და რუსეთს შეეძლოთ. New START-ის ხელშეკრულების მოქმედების ვადის კიდევ ერთხელ გაგრძელება შეუძლებელი იყო, ამიტომ ტრამპს ახალი შეთანხმების მისაღწევად მოლაპარაკებების გამართვა მოუწევს.

"თუ ვადა ამოიწურება, ამოიწუროს. ჩვენ უკეთეს შეთანხმებას მივაღწევთ", - განაცხადა ტრამპმა იანვარში.