თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ რუსეთმა ვერ მიაღწია წარმატებას მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნებისა და ევროინტეგრაციის რეფერენდუმის შედეგებზე ზეგავლენის მოხდენაში.
თეთრი სახლის წარმომადგენელმა მოლდოვაში არჩევნების შედეგებს ქვეყნის ევროინტეგრაციისკენ "ისტორიული ნაბიჯი" უწოდა.
"გასულ კვირას ვსაუბრობდი, რომ რუსეთი აქტიურად მუშაობს მოლდოვის არჩევნებისა და მისი ევროპული ინტეგრაციის ძირის გამოთხრაზე. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მოსკოვმა მილიონობით დოლარი გამოყო ამ მცდელობებისთვის," - თქვა კირბიმ.
"ახლა რუსეთმა ვერ მიაღწია წარმატებას, რადგან შედეგები აჩვენებს, რომ მოლდოვის დემოკრატია ძლიერია, ისევე როგორც მოლდაველი ხალხის ნება და სურვილი, გახდნენ ევროკავშირის ნაწილი," - აღნიშნა მან.
ოფიციალურმა წარმომადგენელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს მოლდოვის მხარდაჭერას დემოკრატიის დასაცავად და მისი ხალხის მისწრაფებების რეალიზებაში.
მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში მაია სანდუმ ხმების 42%-ზე მეტი მიიღო, ხოლო პრორუსული სოციალისტური პარტიის კანდიდატმა ალექსანდრ სტოიანოგლომ - 26%-ზე მეტი.
არჩევნების მეორე ტური 3 ნოემბერს ჩატარდება.
რაც შეეხება რეფერენდუმს, მოლდოვის კონსტიტუციაში ევროინტეგრაციის ჩაწერას ამომრჩეველთა 50.46%-მა დაუჭირა მხარი - სხვაობა 14 ათას ხმაზე ნაკლები იყო.