მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნები და რეფერენდუმი გაიმართა. ხმების უმეტესობის დათვლის შემდეგ, შედეგები მოულოდნელი აღმოჩნდა, როგორც მოლდოვის მოქმედი პრეზიდენტის მაია სანდუს საარჩევნო შტაბისთვის, ასევე ექსპერტებისა და მედიისთვის.
ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულმა მონაცემებმა აჩვენა, რომ მოქმედმა პრეზიდენტმა სანდუმ არათუ ვერ შეძლო არჩევნების პირველივე ტურში გამარჯვება, არამედ ნავარაუდევზე საგრძნობლად ნაკლები ხმები მიიღო.
მოულოდნელი აღმოჩნდა რეფერენდუმის პირველადი შედეგებიც. ამ დროისთვის, დათვლილია ხმების 99%, რომელთაგან 50.41% ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე კონსტიტუციაში ჩანაწერის გაკეთებას მხარს უჭერს, 49.59% კი ეწინააღმდეგება.
შედეგების გამოცხადების შემდეგ, პრესკონფერენცია გამართა მაია სანდუმ, სადაც "დემოკრატიაზე უპრეცედენტო მასშტაბის თავდასხმაზე ისაუბრა".