მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედი პროევროპელი პრეზიდენტი მაია სანდუ ლიდერობს, თუმცა, მან პირველივე ტურში გამარჯვება ვერ შეძლო.

მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ოქმების 98,38%-ის შედეგებით, სანდუს მხარი კენჭისყრაში მონაწილეთა 41,98%-მა დაუჭირა.

26,31%-ით მეორე ადგილზეა პრორუსული ორიენტაციის "სოციალისტური პარტიის" კანდიდატი, ყოფილი გენერალური პროკურორი ალექსანდრ სტოიანოგლო.

მათ შორის გამარჯვებულს მეორე ტური გამოავლენს, რომელიც 3 ნოემბერს გაიმართება.

20 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს სულ 11 კანდიდატი იყრიდა. ამომრჩეველთა აქტივობა 51,67% იყო.

20 ოქტომბერს მოლდოვაში ჩატარდა რეფერენდუმიც ქვეყნის ევროინტეგრაციის საკითხზე. შედეგების 98,42%-ის დათვლის მიხედვით, შეკითხვას, მხარს უჭერთ თუ არა კონსტიტუციაში შესწორებას ევროკავშირთან მოლდოვის შეერთების მიზნით, დადებითად უპასუხა 50,08%-მა და უარყოფითად 49,92%-მა.