3 ნოემბრის ღამეს, იაროსლავის ოლქი უკრაინის მხრიდან მასიური საჰაერო თავდასხმის სამიზნე გახდა. გუბერნატორმა მიხაილ ევრაევმა თავდაპირველად უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენების საფრთხის შესახებ განაცხადა, მოგვიანებით კი მოსახლეობა სარაკეტო საფრთხის შესახებაც გააფრთხილა. რეგიონის ხელმძღვანელმა განმარტა, რომ სამიზნე ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა იყო, თუმცა მისი სახელი არ დაუკონკრეტებია.
ადგილობრივების მიერ გავრცელებული ვიდეოების შესწავლის შემდეგ, დამოუკიდებელმა მედიაპროექტმა Astra-მ გაარკვია, რომ სავარაუდო სამიზნე ნოვო-იაროსლავის ქარხანა ("Славнефть-ЯНОС") იყო. საწარმო ინდუსტრიულ ზონაში მდებარეობს, სადაც საავტომობილო მოძრაობა შეჩერდა. თვითმხილველთა ფოტოებზე ქარხნის ტერიტორიაზე ხანძრის მინიმუმ ხუთი დიდი კერა ჩანს.
პარალელურად, 3 ნოემბრის დილას, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ რუსეთის 14 რეგიონის, ანექსირებული ყირიმისა და შავი ზღვის აკვატორიის თავზე 856 თვითმფრინავის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატის განადგურების შესახებ განაცხადა.
"სლავნეფტ-იანოსი" რუსეთის ხუთ უმსხვილეს ნავთობგადასამუშავებელ საწარმოს შორისაა. ქარხანას კომპანია "სლავნეფტი" მართავს, რომლის აქციებსაც თანაბრად ფლობენ "როსნეფტი" და "გაზპრომი".
საწარმოში ნავთობის გადამუშავების წლიური მოცულობა დაახლოებით 15 მილიონ ტონას შეადგენს. მისი პროდუქცია მიეწოდება მომხმარებლებს ცენტრალურ და ჩრდილო-დასავლეთ ფედერალურ ოლქებში, მათ შორის, მოსკოვსა და მოსკოვის ოლქში. მყიდველებს შორის ასევე არიან აეროპორტები და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საწარმოები. კერძოდ, ქარხანა საწვავს აწვდის რუსეთის სამხედრო ავიაციასა და ტექნიკას.




