კოლექტიური ორგანიზაციის წევრმა ქვეყნებმა, ორგანიზაციის წესდების 25-ე მუხლზე დაყრდნობით, სომხეთს ხმის მიცემის უფლება ჩამოართვეს
„ორგანიზაციის წესდებიდან გამომდინარე, შემოთავაზებული და გადაწყვეტილი იქნა სომხეთისთვის ხმის მიცემის და მისი წარმომადგენლების კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში მაღალ თანამდებობებზე დანიშვნის უფლების ჩამორთმევა“, - განაცხადა კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას..
კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის კოლექტიური უსაფრთხოების საბჭოს სხდომა 11 ნოემბერს გაიმართა. სამიტი თავდაპირველად ვიწრო ფორმატში, შემდეგ კი გაფართოებულ ფორმატში წარიმართა. სამიტში მონაწილეობის მისაღებად მოსკოვში ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო და ყაზახეთის პრეზიდენტი კასიმ-ჟომარტ ტოკაევი ჩავიდნენ. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ტაჯიკეთისა და ყირგიზეთის ლიდერები, ემომალი რაჰმონი და სადირ ჟაპაროვი.
10 ნოემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ერევანს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ბიუჯეტში თანხები 2024 წლიდან აღარ შეჰქონდა.
„ჩვენ იძულებულნი ვიყავით განგვეხილა სომხეთის მიერ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წესდებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის საკითხი ჩვენი საერთო ორგანიზაციის ბიუჯეტში ყოველწლიური შენატანების შესახებ“, - განაცხადა მან კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს, თავდაცვის მინისტრების საბჭოსა და უსაფრთხოების საბჭოების მდივნების კომიტეტის ერთობლივ სხდომაზე.
5 ნოემბერს, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ერევნის ინტერესი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის მიმართ სრულიად ამოიწურა.
„მინდა, ერთხელ და სამუდამოდ დავაფიქსიროთ, რომ ჩვენი ინტერესი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის მიმართ ამოიწურა და რომ ჩვენ მისდამი არანაირი ინტერესი არ გვაქვს“, - თქვა პაშინიანმა.
მოამზადა რაულ კაპანაძემ




