სლოვენიის პარლამენტმა მიიღო დეკლარაცია, რომლის თანახმად, ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა.

დეკლარაციას ხმა მისცა ყველა საპარლამენტო ფრაქციამ მემარცხენეთა პარტიის გარდა. მისმა თავმჯდომარემ მატეი ვატოვეცმა დოკუმენტს „პოლიტიკური აქტი“ უწოდა, რომელიც „დაფუძნებულია ყალბ გარემოებებზე“.

ამასთან, დებატების დროს, დეპუტატების უმრავლესობა შეთანხმდა, რომ დეკლარაცია წარმოადგენს უკრაინელი ხალხისადმი სოლიდარობას და ხელს უწყობს დანაშაულების შესახებ ცნობიერების ამაღლებას.

სლოვენიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა სამუელ ჟბოგარმა ასევე დაუჭირა მხარი დეკლარაციას და აღნიშნა, რომ რუსეთი განაგრძობს უკრაინული მარცვლეულის დატაცებას და ზღუდავს მის ექსპორტს ქვეყნებში, რომლებსაც ამის საჭიროება აქვთ.

ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად უკვე აღიარა მსოფლიოს ორ ათეულზე მეტმა ქვეყნის პარლამენტმა.