პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ შიკორსკიმ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას რუსეთის მთავრობა გააფრთხილა, რომ რუსეთმა არ უნდა "იწუწუნოს" იმ შემთხვევაში, თუკი პოლონეთი საკუთარ საჰაერო სივრცეში უნებართვოდ შემოსულ რაკეტას ან თვითმფრინავს ჩამოაგდებს.
"მხოლოდ ერთი თხოვნა მაქვს რუსეთის მთავრობისთვის: თუ კიდევ ერთი რაკეტა ან თვითმფრინავი შემოვა ჩვენს საჰაერო სივრცეში ნებართვის გარეშე და მას ჩამოვაგდებთ, და ნამსხვრევები NATO-ს ტერიტორიაზე ჩამოვარდება, გთხოვთ, საწუწუნოდ აქ ნუ მოხვალთ. ჩვენ გაგაფრთხილეთ." - მიმართა სიკორსკიმ რუსეთს.
"ვიცით, რომ თქვენ საერთაშორისო სამართალი არ განაღვლებთ და არ შეგიძლიათ თქვენს მეზობლებთან მშვიდობიანად თანაცხოვრება. თქვენი შეურაცხადი ნაციონალიზმი შეიცავს ბატონობის სურვილს, რომელიც მანამ არ შეწყდება, სანამ არ მიხვდებით, რომ იმპერიების ხანა დასრულდა და თქვენი იმპერია ვერ აღდგება." - დაამატა მან.
პოლონეთის პრემიერმინისტრმა დონალდ ტუსკმა 22 სექტემბერს განაცხადა, რომ ვარშავა ჩამოაგდებს მოწინააღმდეგის საჰაერო თვითმფრინავებს, რომლებიც პოლონეთის საჰაერო სივრცეს დაარღვევენ.







