შვეიცარიის პარლამენტმა - ეროვნულმა საბჭომ - უარყო კანონპროექტი, რომელიც ცნობილია როგორც "Lex Ukraine". იგი მესამე სახელმწიფოებს საშუალებას მისცემს, უკრაინას შვეიცარიული წარმოების იარაღი გადასცენ. პარლამენტის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, დოკუმენტის წინააღმდეგი 98 დეპუტატი იყო, მომხრე კი - 75.
მანამდე ბერნის მთავრობამ (ფედერალურმა საბჭომ) უარყო გერმანიის, ესპანეთისა და დანიის მოთხოვნა, უკრაინაში იარაღის გადაცემის შესახებ, ომის მასალების შესახებ ქვეყნის კანონის მოტივით, რომელიც ომის ზონებში იარაღის მიწოდებას კრძალავს.
შვეიცარიის ფედერალურ საბჭოს შეუძლია, დაუშვას ქვეყანაში წარმოებული იარაღის რეექსპორტი მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, მაგალითად, თუ გაეროს უშიშროების საბჭო დაგმობს რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ. თუმცა, ეს ვარიანტი გამორიცხულია, ვინაიდან რუსეთის ფედერაციას გაეროს უშიშროების საბჭოში ვეტოს უფლება აქვს.