ასეთი განცხადება რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მარკო ჯურიჩთან მოლაპარაკების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

სერგეი ლავროვის თქმით, მან არ იცის, რა უნდა გააკეთონ ევროპამ მოლაპარაკების მაგიდასთან.

„ევროპელების ფილოსოფია უცვლელია. არ ვიცი, რა უნდა გააკეთონ მოლაპარაკების მაგიდასთან. თუ ისინი აპირებენ კონფლიქტის გაყინვის შესახებ რაღაც მზაკვრული იდეებით „მათხოვრობას“ (ორიგინალში: „выцыганивать“), თავად კი თავიანთი ზნის, ხასიათის და ჩვეულებისამებრ ნაგულისხმევი ექნებათ ომის გაგრძელება, მაშინ რატომ მიიწვიონ იქ?“ - განაცხადა ლავროვმა და თავისი ნათქვამისთვის წონის შესამატებლად ყურადღება გაამახვილა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ფინეთის პრეზიდენტის, ალექსანდრე სტუბის სიტყვებზე უკრაინის გადაიარაღებისთვის მოლაპარაკებების გამართვის აუცილებლობის შესახებ.

ლავროვის თქმით, ევროპას უკვე ჰქონდა შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღო მოლაპარაკებების პროცესში.

„მათი სურვილი უკვე რამდენჯერმე დაკმაყოფილდა“, - აღნიშნა მან და გაიხსენა 2014 წლის შეთანხმება „უკრაინაში პოლიტიკური კრიზისის მოგვარების შესახებ“, ასევე მინსკის შეთანხმებები.

„მათ დრო სჭირდებოდათ უკრაინის შეიარაღებისთვის. ეს იყო მათი შანსები", - თქვა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

სერგეი ლავროვმა უარყო ტერიტორიული დათმობების შესაძლებლობა. მისი თქმით, ამის შესახებ „საუბარიც კი გამორიცხულია“.

მისი თქმით, ტერიტორიები, სადაც რუსი ხალხი საუკუნეების განმავლობაში ცხოვრობდა, საბჭოთა კავშირის შექმნისას გადასცეს უკრაინას, დიდი ხნით ადრე კი იმავე ხალხმა ამ ტერიტორიებზე დააარსა ქალაქები, ააშენა ქარხნები და პორტები, განავითარა მრეწველობა და სოფლის მეურნეობა.

„გინდათ, რომ მოგვარების შესახებ მოლაპარაკებებში თუნდაც რაიმე ფიქრი იყო იმასთან დაკავშირებით, რომ ზოგიერთი ტერიტორიის დათმობა მაინც შეიძლება? როგორ დავუთმოთ? რუს ხალხთან ერთად თუ ხალხის გარეშე? მხოლოდ იშვიათი მიწაელემენტებით“, - თქვა ლავროვმა.