სერბეთმა და კოსოვომ სანომრე ნიშნებთან დაკავშირებულ კონფლიქტზე შეთანხმებას მიაღწიეს. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა ტვიტერზე დაწერა.
ჯოზეფ ბორელის თქმით, სერბეთი შეწყვეტს სანომრე ნიშნების გაცემას კოსოვოს ქალაქების კოდებით, ხოლო კოსოვო შეწყვეტს სერბული ნომრებით უკვე რეგისტრირებული ავტომობილების ხელახლა გადარეგისტრირებას.
"შეთანხმებას მივაღწიეთ. კოსოვოსა და სერბეთის მთავარი მომლაპარაკებლები, ევროკავშირის ხელშეწყობით, შეთანხმდნენ ზომებზე, რათა თავიდან აირიდონ შემდგომი ესკალაცია და სრულად კონცენტრირდნენ მათი ურთიერთობების ნორმალიზებაზე" — წერს ბორელი.
კოსოვო 24 ნოემბრიდან გეგმავდა ჯარიმების დაწესებას, დაახლოებით, 10 000 სერბი მძღოლისთვის, რომლებიც აგრძელებდნენ იმ პერიოდის სანომრე ნიშნების გამოყენებას, როცა კოსოვო ჯერ კიდევ სერბეთის ნაწილი იყო.
სანომრე ნიშნებზე დავამ, რომელიც თითქმის 2 წელს გაგრძელდა, სერბეთსა და მის ყოფილ პროვინციას შორის დაძაბულობის მორიგი ტალღა გამოიწვია.
პრობლემა თითქმის სამხედრო დაპირისპირებაში გადაიზარდა.
მხარეებმა, ევროკავშირის შუამდგომლობით, შეთანხმებას მიაღწიეს, რაც შემდგომი ესკალაციის თავიდან არიდების საშუალებას იძლევა.