სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა პრემიერ-მინისტრად ბელგრადის უნივერსიტეტის შინაგან სნეულებათა და ენდოკრინოლოგიის პროფესორი ჯურო მაცუტი დანიშნა და მთავრობის ფორმირება დაავალა.
ბელგრადის უნივერსიტეტის პროფესორს, ცნობილ სერბ ენდოკრინოლოგს, 62 წლის ჯურო მაცუტს, პოლიტიკური გამოცდილება არ გააჩნია. ის განსაკუთრებით გამოირჩევა იმ გარემოებით, რომ ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა უნივერსიტეტების ბლოკადას და ავლენდა ლოიალობას ვუჩიჩის მიმართ. დაახლოებით ერთი წლის წინ მან პრეზიდენტის ჯილდო მიიღო.
მარტში, საპრეზიდენტო რეზიდენციის წინ, პარკში, სტუდენტური მოძრაობის საწინააღმდეგო საპროტესტო ბანაკის მონაწილეების წინაშე გამოსვლისას მაცუტმა მოუწოდა უნივერსიტეტების ბლოკადის შეწყვეტისკენ და სტუდენტების საჯარო გამოსვლების ეწყვეტისკენ.
„მე მჯერა, რომ პოლიტიკა არ არის უნივერსიტეტის საქმე. ყველა სტუდენტი უნდა დაბრუნდეს თავის ფაკულტეტზე და იქ დაკავდეს იდეები გაცვლით“, - თქვა მაცუტმა.
პროტესტანტ სტუდენტთა დიდი ნაწილი თვლის, რომ მაცუტმა უღალატა მათ და თავის კოლეგა მასწავლებლებს და ამის გამო ახლა უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობით დაჯილდოვდა.
ჯურო მაცუტს ოპოზიციაც აკრიტიკებს.
ლიბერალური, პროევროპული „თავისუფალი მოქალაქეების მოძრაობის“ თავმჯდომარე პავლე გრბოვიჩი ამბობს, რომ არ სურს უარყოს წარმატებული ექიმის კეთილი ზრახვები, მაგრამ მისი პოზიტიური საქმის კეთების უნარი შეზღუდულია მმართველი პარტიის პოლიტიკური ნებით და ამიტომ მისი წარუმატებლობა გარანტირებულია.
მაცუტის დანიშვნა ნიშნავს იმას, რომ ჩვენ კვლავ არ გვეყოლება რეალური მთავრობის მეთაური, რეალური მთავრობა და ნამდვილი პარლამენტი. ალექსანდრ ვუჩიჩი გააგრძელებს ყველა გადაწყვეტილების მიღებას. ასეთივე წარმატებით შეიძლება „თოვლის პაპა“ გავხადოთ პრემიერ-მინისტრი“, - ამბობს ვოივოდინის ავტონომიური მხარის სოციალ-დემოკრატების ლიგის თავმჯდომარის მოადგილე, სერბეთის სკუპჩინას დეპუტატი ალექსანდარ ოლენიკი.