საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მაია ხაჯიშვილთან ერთად, ქობულეთის მუნიციპალიტეტში არსებული კოლეჯის „ახალი ტალღა‘‘ ახლად აშენებული სასწავლო კორპუსი გახსნა.
გივი მიქანაძემ და მაია ხაჯიშვილმა განახლებული სასწავლო სივრცეები დაათვალიერეს და მიმდინარე სასწავლო პროცესს გაეცნენ.
„კოლეჯი „ახალი ტალღა‘‘ მრავალი წელია შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდებს შეიძინონ საჭირო უნარები და მიიღონ პრაქტიკაზე დაფუძნებული ცოდნა. დღეს კოლეჯი 36 პროფესიის განვითარებას უწყობს ხელს, რითაც ქვეყნის წინსვლასა და წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს.
ახალი სასწავლო კორპუსის გახსნა კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითია იმისა, რომპროფესიული განათლების განვითარება და კოლეჯების მხარდაჭერა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ჩვენ აქტიურად გავაგრძელებთ კოლეჯების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით მუშაობას
და მათ შინაარსობრივ განვითარებასაც მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს,‘‘ - განაცხადა გივი მიქანაძემ.
გივი მიქანაძე კოლეჯის სტუდენტებს, ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და თანამშრომლებს გაესაუბრა და კოლეჯის მიღწევების შესახებ ინფორმაცია უშუალოდ მათგან მიიღო.
ახალი სასწავლო კორპუსი 90 სტუდენტზეა გათვლილი - ორსართულიან შენობაში განთავსებულია თანამედროვე მატერიალური ბაზით აღჭურვილი კულინარიის, კონდიტერიისა და სარესტორნო მომსახურების პროგრამების სასწავლო სახელოსნოები.
კოლეჯი სრულად აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზითა და ინვენტარით. დაწესებულების ბაზაზე განთავსებულია სასწავლო ლაბორატორიები და აუდიტორიები თეორიული
სწავლებისათვის. შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის – მოწყობილია ლიფტი და პანდუსები. ამასთან, ფუნქციონირებს სასწავლო სასტუმრო.
კოლეჯი „ახალი ტალღა‘‘ წარმოადგენს მრავალპროფილურ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელიც ახორციელებს 36 პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას ტურიზმის, სამშენებლო, აგრარული, სამედიცინო, ხელოვნებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით ორ ლოკაციაზე–ქობულეთის მუნიციპალიტეტსა და დაბა ხულოში. ყოველწლიურად კოლეჯი 1500-მდე სტუდენტსა და მსმენელს ემსახურება.
მინისტრებთან ერთად ახალი სასწავლო კორპუსი დაათვალიერეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი ცეცხლაძემ და ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მჭედლიშვილმა.