საუდის არაბეთმა და კატარმა სირიას მსოფლიო ბანკში არსებული 15.5 მილიონიანი სესხი დაუფარეს, რის შედეგადაც სირიას კვლავ ექნება შესაძლებლობა, მსოფლიო ბანკისგან რეკონსტრუქციისა და ეკონომიკური განვითარებისთვის გრანტები მიიღოს.
"მოხარულები ვართ, რომ სირიის დავალიანების დაფარვა მსოფლიო ბანკის ჯგუფს შესაძლებლობას მისცემს, კვლავ დაიწყოს ურთიერთობა სირიასთან და განვითარებისთვის სირიელი ხალხის საჭიროებები უზრუნველყოს. მრავალწლიანი კონფლიქტის შემდეგ სირია აღდგენისა და განვითარების გზაზეა". - ნათქვამია მსოფლიო ბანკის განცხადებაში.
გასულ თვეში საუდის არაბეთმა და კატარმა ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, რომელშიც იუწყებოდნენ, რომ მსოფლიო ბანკში სირიის დავალიანებას დაფარავდნენ. მსოფლიო ბანკის მიერ 18 მაისს გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს პირველი ნაბიჯია სირიის მხარდაჭერის გაზრდის გეგმაში, რომელიც ქვეყნის გრძელვადიან ეკონომიკურ გაჯანსაღებას ნიადაგს მოუმზადებს. ბანკის თავდაპირველი ძალისხმევა სირიის მასშტაბით ელექტროენერგიაზე წვდომის გაუმჯობესება იქნება, რათა ეკონომიკური აქტივობის წახალისებას შეეწყოს ხელი.
"ეს ქვეყნისა და რეგიონის სტაბილიზაციისთვის იქნება სასარგებლო. საჭიროა, შეიქმნას გარემო კერძო ინვესტიციებისთვის, სამუშაო ადგილების შექმნისა და სირიელი ხალხისთვის უკეთესი მომავლის პირობისთვის ზრდის ხელშეწყობისთვის". - განაცხადა მსოფლიო ბანკმა.