საფრანგეთის საკონსტიტუციო სასამართლომ 15 წლამდე მოზარდებისთვის სოციალური ქსელების გამოყენების აკრძალვასთან დაკავშირებული კანონპროექტი დაბლოკა. კანონპროექტი ქვეყნის პარლამენტმა გასულ თვეში დაამტკიცა.

საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ასეთი აკრძალვა არაკონსტიტუციურია. კერძოდ, სასამართლოს მოჰყავს ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის არგუმენტი, რომ კანონპროექტი არის ბუნდოვანი და არღვევს სიტყვისა და კომუნიკაციის თავისუფლებას.

საფრანგეთის პარლამენტის მიერ ივლისში დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 15 წლამდე მოზარდები სექტემბრიდან ვეღარ შეძლებდნენ, შეექმნათ ახალი ანგარიშები სოციალურ ქსელებში, ხოლო არსებულ ანგარიშებზე სრული აკრძალვა 2027 წლის იანვრიდან უნდა შესულიყო ძალაში. შეზღუდვები ვრცელდებოდა „ინსტაგრამზე“, „ვოტს აპზე“, „ფეისბუკზე“, „სნეპზე“, „იქსზე“, „იუ თუბსა“ და „ტიკ ტოკზე“.

ცნობისთვის, ინტერნეტში ბავშვების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ევროკომისიამ 13 ივლისს კომისიის ექსპერტთა ანგარიში წარადგინა, სადაც გაცემული იყო რეკომენდაცია, 13 წლამდე მოზარდებს სოციალურ ქსელებთან წვდომა ჰქონოდათ მხოლოდ შეზღუდული დროით და მშობლების ზედამხედველობის ქვეშ.