საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს შეფასებით, ბერლინში მდებარე "რუსული სახლი" (რუსეთის მეცნიერებისა და კულტურის ცენტრი) კულტურული და საგანმანათლებლო საქმიანობის ნაცვლად, სინამდვილეში, რუსული სადაზვერვო ოპერაციებისა და ჯაშუშობისთვის გამოიყენება.
დასავლური სადაზვერვო სამსახურების მონაცემებზე დაყრდნობით, მსგავსი დაწესებულებები ევროპის ტერიტორიაზე ხშირად ასრულებენ ფარულ როლს ინფორმაციის შეგროვების, დეზინფორმაციის ტირაჟირებისა და რუსული გავლენის ქსელების გაფართოების საქმეში.
ბერლინის "რუსული სახლი" ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი რუსული კულტურული ცენტრია. იგი იმართება რუსული სახელმწიფო სააგენტო "როსსოტრუდნიჩესტვოს" მიერ, რომელიც უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ევროკავშირის სანქციების ქვეშ მოექცა.
ფრანგული მხარის ცნობით, ოფიციალური კულტურული ღონისძიებებისა და ენის კურსების მიღმა, ცენტრი რუსეთის სპეცსამსახურების ინტერესების გატარებასა და ჯაშუშური საქმიანობის კოორდინაციას ემსახურება.
ბოლო წლებში, ევროპის არაერთმა ქვეყანამ გაამკაცრა კონტროლი რუსულ სახელმწიფო თუ ნახევრად სახელმწიფო დაწესებულებებზე, რასაც ხშირად ე.წ. "დიპლომატებისა" და ცენტრების თანამშრომლების ქვეყნიდან გაძევება მოჰყვება.




