მოვითხოვ, საფრანგეთის ღალატის გამო, მარინ ტონდელიე პოლიტიკიდან ჩამოაშორონ, – ამის შესახებ პლატფორმა X-ის მფლობელმა, ილონ მასკმა საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატისა და პარტია „მწვანეების“ ლიდერის, მარინ ტონდელიეს მისამართით სოციალურ ქსელში დაწერა.

მასკის განცხადებას წინ უძღოდა ტონდელიეს მოწოდება, რომ უცხოური ჩარევის შემთხვევაში, საფრანგეთის ხელისუფლებას საარჩევნო კამპანიის პერიოდში X-ის დროებით შეჩერების უფლება უნდა ჰქონდეს. მან ასევე განაცხადა, რომ X-ის მუშაობის ერთი თვით შეჩერება საფრანგეთში პოლიტიკურ დებატებს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებდა.

ტონდელიემ მასკს სოციალურ ქსელში უპასუხა და აღნიშნა, რომ „საფრანგეთს პატრიოტიზმზე გაკვეთილები არ სჭირდება უცხოელი მილიარდერისგან“.

„ძვირფასო, ილონ მასკ, მე ვარ საფრანგეთის პრეზიდენტობის ის კანდიდატი, რომლისთვისაც, თქვენი თქმით, „საფრანგეთის ღალატის გამო პოლიტიკიდან უნდა გათიშონ (საერთოდ რას ნიშნავს ეს?). საფრანგეთს პატრიოტიზმზე გაკვეთილები არ სჭირდება უცხოელი მილიარდერისგან, რომელსაც ჰგონია, რომ თავად უნდა გადაწყვიტოს, რომელ ევროპელ პოლიტიკურ ლიდერებს უნდა აუკრძალონ ხმის ამოღება. დემოკრატია არ იყიდება, მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანისთვისაც კი. მირჩევნია, დემოკრატიის დაცვისთვის მადანაშაულებდნენ, ვიდრე მისი ყიდვის მცდელობისთვის“, – განაცხადა მარინ ტონდელიემ.

მასკის განცხადება გააკრიტიკა პარტია „დაუმორჩილებელი საფრანგეთის“ ლიდერმა ჟან-ლუკ მელანშონმაც. მან საფრანგეთის ხელისუფლება უცხოური ჩარევის წინააღმდეგ არასაკმარის მოქმედებაში დაადანაშაულა.

მელანშონის შეფასება მოგვიანებით უარყო საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ნოელ ბარომ და აღნიშნა, რომ ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს არჩევნებში უცხოური ჩარევა და შემთხვევა, როდესაც უცხოელი პოლიტიკური ფიგურა სხვა ქვეყანაში რომელიმე პოლიტიკური ძალის მხარდაჭერას ან კრიტიკას გამოხატავს. მისი თქმით, ეს თავისთავად „საზოგადოებრივ დისკუსიაში მანიპულირების აქტს არ წარმოადგენს“.