საფრანგეთში "პარი სენ-ჟერმენის" (პსჟ) ჩემპიონთა ლიგის ფინალში გამარჯვების აღნიშვნა ღამის განმავლობაში არეულობასა და სამართალდამცველებთან შეტაკებებში გადაიზარდა.
მედიის ცნობით, მიუხედავად უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომებისა და პარიზში 8 000 სპეცრაზმელის მობილიზებისა (ხოლო ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 22 000-ის), მასობრივი არეულობის თავიდან აცილება ვერ მოხერხდა.
პარიზსა და სხვა რამდენიმე ქალაქში აგრესიულად განწყობილმა ახალგაზრდებმა ცეცხლი წაუკიდეს ავტომობილებსა და ნაგვის კონტეინერებს, დააზიანეს მაღაზიების ვიტრინები და პოლიციელების მიმართულებით პიროტექნიკა ისროლეს.
გვიან ღამით გამართულ ბრიფინგზე საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყნის მასშტაბით სამართალდამცველებმა სულ 416 ადამიანი დააკავეს. მათგან 283 პარიზშია დაკავებული.
შეტაკებების შედეგად შვიდი პოლიციელი დაშავდა. ერთ-ერთმა სამართალდამცველმა ქალაქ აჟენში ქალა-ტვინის მძიმე ტრავმა მიიღო.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, მაღაზიების ძარცვისა და მოროდიორობის შემთხვევები ქვეყნის სულ მცირე 15 ქალაქში დაფიქსირდა.
ამასთან, პარიზის რეგიონში არეულობის მონაწილეებმა დააზიანეს ექვსი ავტომობილი, ჩაამსხვრიეს საცხობისა და რესტორნის ვიტრინები, ასევე სცადეს პარიზის მე-8 ოლქში მდებარე პოლიციის განყოფილებაზე იერიშის მიტანა.




