საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთს კიბერთავდასხმებში ადანაშაულებს. საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთი პასუხისმგებელია ბოლო წლებში ქვეყნის წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერთავდასხმებზე, მათ შორის 2017 წელს ემანუელ მაკრონის საარჩევნო კამპანიაზე განხორციელებულ კიბერთავდასხმაზე.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის წინააღმდეგ კიბერთავდასხმებს რუსეთის სამხედრო დაზვერვა ახორციელებდა, კერძოდ, დაჯგუფება, რომელიც ცნობილია როგორც APT28“.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ 2021 წლიდან რუსმა ჰაკერებმა თავდასხმა განახორციელეს დაახლოებით ათ დაწესებულებაზე – სახელმწიფო სამსახურებზე, კერძო საწარმოებზე, ასევე სპორტულ ორგანიზაციაზე, რომელიც დაკავშირებული იყო 2024 წლის ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშების ორგანიზებასთან.
აღსანიშნავია, რომ 2022 წელს საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროზე სერიოზული კიბერთავდასხმა განხორციელდა. 2017 წელს მაკრონის საარჩევნო შტაბზე მასშტაბური ჰაკერული თავდასხმა მოხდა, რის შედეგადაც, ოფიციალური კამპანიის დასრულებამდე რამდენიმე საათით ადრე მედიაში გავრცელდა ათიათასობით წერილი და დოკუმენტი. ამასთან, საფრანგეთის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტომ მაშინ განაცხადა, რომ მაკრონის წინასაარჩევნო კამპანიაში რუსი ჰაკერების ჩარევის კვალი ვერ აღმოაჩინა.
ამასთან, საფრანგეთის საგარეო უწყებამ აღნიშნა, რომ APT28-მ არაერთხელ განახორციელა თავდასხმა უკრაინაზეც.
თარგმანი: პირველი არხი