სტუდენტური საპროტესტო მოძრაობა, რომელიც მთელ საფრანგეთში გავრცელდა, ახლა კონტროლს მიღმაა, – ამის შესახებ საფრანგეთის ეროვნული პოლიციის პრესსპიკერმა, აგატ ფუკომ განაცხადა.
ამასთან, მან დემონსტრანტებს მშვიდობიანი ქმედებებისკენ მოუწოდა და გააფრთხილა ისინი, რომ ხელისუფლება ძალადობასა და ვანდალიზმს მტკიცედ უპასუხებს.
„როიტერსის“ ინფორმაციით, დემონსტრაიციების დროს ორშაბათიდან მოყოლებული მთელი ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 5 000 ადამიანი, ძირითადად მოზარდები დააკავეს. ამასთან, პოლიციასა და აქტივისტებს შორის მოხდარი შეტაკების დროს ასობით პირი დაშავდა. ფუკოს ინფორმაციით, დაპირისპირების დროს, სულ მცირე, 600 პოლიციელი დაშავდა.
ამასთან, პარიზის პოლიციის უფროსმა პატრის ფორმა აქტივისტებს, რომლებიც დემონსტრაციების განახლებას მომდევნო კვირის სამშაბათიდან გეგმავენ, მოუწოდა, რომ უარი თქვან სკოლების ბლოკირებასა და არეულობებზე და პროტესტი მშვიდობიანი გზით გამოხატონ.
ცნობისთვის, საფრანგეთს ქალაქებში მოსწავლეების პროტესტი გრძელდება. სკოლებში არსებული მძიმე პირობებით უკმაყოფილო მოსწავლეების აქციებს რამდენიმე დღეა მართავენ. დემონსტრაციები პოლიციასთან დაპირისპირებაში, ძალადობრივ შეტაკებებსა და ვანდალიზმშია გადაზრდილი. მიმდინარე აქციებს სტუდენტებიც შეუერთდნენ.













