საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტია "ეროვნული გაერთიანების" ლიდერებმა, მარინ ლე პენმა და ჟორდან ბარდელამ ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, რომელშიც რუსეთი გააკრიტიკეს საფრანგეთის საგარეო პოლიტიკაზე, მათ შორის, უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით, "დაშინებითა და მუქარით" ზემოქმედების მცდელობების გამო.

"ჩვენ არასდროს მოვითმენთ, რომ უცხოურმა სახელმწიფომ, მოცემულ შემთხვევაში რუსეთმა, დაშინების, მუქარის, დესტაბილიზაციის ან ფსიქოლოგიური ზეწოლის გზით, პირდაპირ ან არაპირდაპირ შეეცადოს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკის კარნახს. ვერანაირი პროვოკაცია, ფარული ოპერაცია და დესტაბილიზაციის ქმედება ვერ უბიძგებს საფრანგეთს, ხელი შეუწყოს რუსეთის მიერ უკრაინაში საკუთარი სამხედრო მიზნების მიღწევას. საფრანგეთის საგარეო პოლიტიკა პარიზში, სუვერენულად, ექსკლუზიურად ერის ინტერესების საფუძველზე განისაზღვრება", - ნათქვამია განცხადებაში.

"ეროვნული გაერთიანების" ლიდერებმა მოიწვიეს დემოკრატიული დებატებისკენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა "უკრაინისთვის გაწეული ფინანსური მხარდაჭერის დონე და პირობები, აგრეთვე კონფლიქტის მოსაგვარებლად დიპლომატიური არხების ძიებაზე მიმართული ინიციატივების ადეკვატურობა".

"ეს დისკუსიები ლეგიტიმურია. გარედან ზეწოლა — არა", — ხაზგასმით აღნიშნეს ლე პენმა და ბარდელამ.