საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ქვეყნის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის დაცვის გეგმა დააანონსა, რაც რუსეთის მხრიდან ჰიბრიდული თავდასხმების მზარდი საფრთხის ფონზე ხდება.
მაკრონის თქმით, ევროპაში რუსული აგრესიისა და ჰიბრიდული საფრთხეების ხასიათი იცვლება. სწორედ ამიტომ, საფრანგეთის მთავრობა შეიმუშავებს გეგმას, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურისა და თავდაცვასთან დაკავშირებული მრეწველობის ობიექტების კიბერშეტევებისა და უიპლოტო საფრენი აპარატებისგან (დრონებისგან) დაცვას უზრუნველყოფს.
როგორც ჰიბრიდული საფრთხეების ბოლო მაგალითები, მან დაასახელა ლაიფციგის აეროპორტში დრონებით დივერსიის მცდელობა, ევროპული ქვეყნების საჰაერო სივრცის დარღვევა უპილოტო საფრენი აპარატებით და ბალტიის ზღვის თავზე დანიური სამხედრო ვერტმფრენის მიმართულებით სასიგნალო რაკეტების გაშვება.
"ის, რაც ლაიფციგში მოხდა, შეიძლება მოხდეს ნებისმიერ სხვა ევროპულ ქალაქში", – ხაზგასმით აღნიშნა მაკრონმა.
მან ასევე დაამატა, რომ რუსული ჰიბრიდული საფრთხეების გამო "არავინ არის უსაფრთხოდ".
საფრანგეთის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის ქმედებების მიზანი ევროპის დაშინება და უკრაინის მხარდაჭერის ძალისხმევის შელახვაა, თუმცა ეს ზუსტად საპირისპირო შედეგამდე მიიყვანს.




