ოდესის ოლქის გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს 2015 წელს სახელფასო ანაზღაურების სახით 38 ათას 601 გრივნა აქვს მიღებული. შესაბამისი დეკლარაცია ოდესის ოლქის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
დეკლარაციის თანახმად, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის საერთო შემოსავალმა 2015 წელს 38 ათას 601 გრივნა შეადგინა. ამავე დროს, სააკაშვილის ოჯახს - მის მეუღლესა და ორ ვაჟს გასულ წელს არავითარი შემოსავალი არ მიუღიათ.
სააკაშვილის კუთვნილი უძრავი ქონება ორ მიწის ნაკვეთს მოიცავს, რომლის საერთო ფართობი დაახლოებით 7320 კვადრატული მეტრია. საცხოვრებელი სახლი კი დაახლოებით 97 კვადრატული მეტრი. პოლიტიკოსის ოჯახი უძრავი ქონების სახით 754 კვადრატულ მეტრი ფართობის ბინას ფლობს. გარდა ამისა, ოდესის ოლქის გუბერნატორი, ისევე როგორც მისი ოჯახის წევრები, არცერთ სატრანსპორტო საშუალებას არ ფლობენ.
დეკლარაციის თანახმად, გასულ წელს მიხეილ სააკაშვილის საბანკო ანგარიშზე 129, 950 ათასი გრივნა იყო, ხოლო უცხოური ბანკის ანგარიშებზე 57 ათასი დოლარი. ოდესის ოლქის გუბერნატორის ოჯახის საბანკო ანგარიშზე 48 ათასი ევროს ოდენობით თანხაა.
სააგენტო „უნიანის“ ინფორმაციით, მარტის ბოლოს, ჟურნალისტებმა მიხეილ სააკაშვილს ახალი ოქროს iPhone და 4 მილიონის ღირებულების, მერსედესის მარკის ავტომობილი შენიშნეს.
შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ოდესის ოლქის გუბერნატორის პოსტზე 2015 წლის მაისის ბოლოს დაინიშნა. უკრაინის პრეზიდენტმა მას ქვეყნის მოქალაქეობა მიანიჭა.