უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მომდევნო 100 დღე საქართველოსთვის გადამწყვეტი იქნება. მისი თქმით, 100 დღეში საქართველო გადარჩება და იქნება ქვეყანა ან საქართველო აღარ იქნება.
ახალგაზრდებთან გამართული ონლაინ დიალოგის დროს მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინაში მას კარგი პოზიცია უკავია, თუმცა ამის მიუხედავად სამშობლოს გარეშე დარჩენას არ აპირებს და მზადაა ბრძოლისთვის. "100 დღეში საქართველო ან გადარჩება და იქნება ქვეყანა, ან საქართველო აღარ იქნება. თუ ესენი დარჩნენ, საქართველო ვერ გადარჩება და ეს იქნება შეუქცევადი. მე თავი გადადებული მაქვს ნამდვილად. ძალიან კარგი პოზიციები მაქვს, აქ ევროპის უდიდესი ქვეყანაა, ჩემთვის პრაქტიკულად მშობლიური ქვეყანაა, რადგან თავს ვგრძნობ აქ სახლში, თავს არ ვგრძნობ აქ ემიგრანტად, რადგან 16 წლის ასაკში ჩამოვედი კიევში, მაგრამ სამშობლოს გარეშე დარჩენას არ ვაპირებ და ჩემი სამშობლო არის საქართველო. უნდა გვესმოდეს, რომ შემდეგი 100 დღე არის გადამწყვეტი. ჩვენ აქ გვიკეთებენ ანესთეზიას საქართველოში, ანესთეზიას გვიკეთებენ, რომ დაწყნარდით, გაჩუმდით, ხელი არ გაანძრიოთ, ფეხი არ გაანძრიოთ. ეკონომიკას კლავენ. რატომ არ უშვებენ ტურისტებს, ტურისტები არის ერთადერთი, რითაც ცხოვრობს საქართველო. არ უშვებენ, რადგან რაც მეტად ღარიბი იქნება ხალხი, მით უფრო ადვილად, უფრო იაფად გაიყიდება, ივანიშვილის აზრით. მეც შევდივარ სპორტულ ფორმაში, ვემზადები ასევე გადამწყვეტი ნახტომისთვის, მაგრამ ეს ნახტომი არ უნდა იყოს, სასურველია, არ იყოს უფსკრულში, რადგან უფსკრულში მიდის ჩვენი ქვეყანა", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.