რუსული საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, წუხელ დაახლოებით 01:00 საათზე ადგილობრივი დროით, სტავროპოლის ოლქის ჟელეზნოვოდსკის რაიონის, სტანიცა ინოზემცევოსთან ავტოავარიაში მოყოლილი ავტობუსის მგზავრები საქართველოს მოქალაქეები იყვნენ.
სტავროპოლში, ფედერალურ გზატკეცილ „კავკაზზე“ მასშტაბურ ავარიაში მოყოლილი ავტობუსის მგზავრების უმეტესობა უცხოელები იყვნენ. სასწრაფო დახმარების სამსახურებმა „ტასს“ განუცხადეს, რომ ისინი წინასწარი ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები იყვნენ.
„წინასწარი ინფორმაციით, ავტობუსში მყოფი თითქმის ყველა მგზავრი საქართველოს მოქალაქე იყო. ავტობუსი საქართველოსია და ამჟამად დგინდება რა რეისი სრულდებოდა“, - განაცხადა სააგენტოს წყარომ.
სტავროპოლის გუბერნატორმა ვლადიმერ ვლადიმიროვმა 28 დაშავებული მგზავრის ჰოსპიტალიზაციის შესახებ განაცხადა.
ექიმებმა ორი ზრდასრული და ორი ბავშვის მდგომარეობა მძიმედ შეაფასეს.
შეგახსენებთ,რომ სტავროპოლის მხარეში, სტანიცა ინოზემცევოსთან, „სეტრას“ მარკის სამგზავრო ავტობუსი წინ მიმავალი სატვირთო მანქანის მისაბმელს შეეჯახა და თხრილში გადავარდა. ავარიის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა და 40 დაშავდა.
მოამზადა რაულ კაპანაძემ




