რუსეთმა გვინეა-ბისაუს დროშის ქვეშ მცურავ სამოქალაქო გემზე, რომელიც მარცვლეულით იყო დატვირთული, სარაკეტო დარტყმა განახორციელა.

თავდასხმის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ეკიპაჟის ხუთი წევრის ბედი უცნობია. ამის შესახებ უკრაინის საზღვაო ძალები ავრცელებენ ინფორმაციას.

„გემზე ხანძარი გაჩნდა. დარტყმის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა. ეკიპაჟის კიდევ ხუთი წევრის ბედი უცნობია, სამძებრო პროცესი გრძელდება. გემის ტექნიკური მდგომარეობა ზუსტდება“, – აღნიშნეს უკრაინის საზღვაო ძალებში.

დაშავებულებს უკრაინის საზღვაო ძალების ქვედანაყოფებმა და სამძებრო-სამაშველო სამსახურმა გაუწიეს დახმარება. უკრაინული მედიის ცნობით, ეკიპაჟის რვა წევრი ევაკუირებულია ოდესის ერთ-ერთ საავადმყოფოში.

„ეს არის რუსეთის მორიგი მიზანმიმართული თავდასხმა უცხო ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავ უიარაღო სამოქალაქო გემზე, რომელიც არ წარმოადგენდა სამხედრო საფრთხეს. თავდასხმა წარმოადგენს ტერორისტულ აქტს მშვიდობიანი ნაოსნობის წინააღმდეგ და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უხეშ დარღვევას“, – განმარტეს უკრაინის საზღვაო ძალებში.