Reuters-ის ინფორმაციით, რუსეთის მსხვილმა ენერგეტიკულმა კომპანიებმა, მათ შორის "როსნეფტმა", "გაზპრომ ნეფტმა" და "ლუკოილმა", ინდოელ პარტნიორებს დამატებითი ბენზინის მიწოდების თხოვნით მიმართეს. აღნიშნული ნაბიჯი უკრაინის მიერ რუსეთის ნავთობგადასამუშავებელ ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული დრონებისა და სარაკეტო იერიშების შედეგად შექმნილ მძიმე კრიზისს უკავშირდება.
როგორც წყაროები Reuters-ს უყვებიან, რუსეთის ნავთობგადასამუშავებელი სიმძლავრის თითქმის 40%-იანი შეფერხება ქვეყანაში საწვავის დეფიციტს იწვევს, რის გამოც, მოსკოვი იძულებულია, დახმარებისთვის თავისი ნავთობის ერთ-ერთ უმსხვილეს მყიდველს, ინდოეთს მიმართოს.
ინდოეთი ტრადიციულად, რუსული ნედლი ნავთობის უმსხვილესი იმპორტიორია, ამიტომ, ბენზინის საპასუხოდ მოთხოვნა ორ ქვეყანას შორის ენერგეტიკულ ურთიერთობებში უჩვეულო ცვლილებად ფასდება.
წყაროების ცნობით, ინდური მხარე მიწოდებას პირდაპირი სახელმწიფო შეთანხმებების ნაცვლად, სავარაუდოდ, საერთაშორისო ტრეიდერების და "გემის გემზე" (ship-to-ship) გადატვირთვის გზით განახორციელებს.
მიუხედავად თხოვნისა, ინდოეთის სახელმწიფო გადასამუშავებელი კომპანიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ ექსპორტისთვის ჭარბი საწვავი არ გააჩნიათ. ინდოეთის ნავთობის მინისტრმა ჰარდეპ სინგ პურიმ ადრე განაცხადა, რომ ინდოეთი რუსეთს საწვავს პირდაპირ არ აწვდის, თუმცა აღიარა, რომ რუსულ მხარეს შესაძლოა, ინდური წარმოშობის საწვავი შუამავალი კომპანიების მეშვეობით ჰქონდეს შეძენილი.
ანალიტიკოსების შეფასებით, თუ ახალი იერიშები არ განხორციელდება, რუსეთის ნავთობგადასამუშავებელი სექტორის ნორმალურ რეჟიმში დაბრუნებას, სულ მცირე, ორი თვე დასჭირდება. უკვე დადასტურებულია, რომ ინდოეთიდან რუსეთის მიმართულებით ბენზინით დატვირთული, სულ მცირე, ერთი სატვირთო გემი უკვე გაიგზავნა.








