რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უკრაინის წინააღმდეგ ახალი ფართომასშტაბიანი საჰაერო ოპერაციისთვის ემზადება. გავრცელებული ცნობებით, უწყების უმთავრეს სამიზნეს უკრაინის კრიტიკული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა წარმოადგენს.

ძირითადი დარტყმები მიმართული იქნება ელექტროსადგურების, გამანაწილებელი ქსელებისა და ქვეყნის საწვავ-ენერგეტიკული კომპლექსის მსხვილი ობიექტებისკენ.

ექსპერტების შეფასებით, მსგავსი ქმედებების მთავარი ამოცანაა ზამთრის მოახლოვებასთან ერთად, უკრაინის ენერგოსისტემის სრული დესტაბილიზაცია და მოსახლეობის ელექტროენერგიით, სითბოთი და წყლით მომარაგების შეწყვეტა.

მოსალოდნელია მაღალი სიზუსტის რაკეტებისა და დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატების მასიური გამოყენება.

უკრაინული მხარე და საერთაშორისო პარტნიორები მოსალოდნელ ესკალაციას სრული მზადყოფნით ხვდებიან. საჰაერო თავდაცვის სისტემები მობილიზებულია კრიტიკული ობიექტების დასაცავად, ხოლო დასავლელი მოკავშირეები უკრაინას დამატებითი საჰაერო თავდაცვის საშუალებებითა და აღჭურვილობით უზრუნველყოფენ.