დასავლეთის სანქციების და ფასების ზღვრის დაწესების გამო, 2023 წლის იანვარში რუსეთის შემოსავალი ნავთობისა და გაზის ექსპორტიდან, გასული წლის იანვართან შედარებით, თითქმის 40 პროცენტით შემცირდა, - ამის შესახებ Reuters ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) მონაცემებზე დაყრდნობით წერს.

მიმდინარე წლის იანვარში, რუსეთის ნავთობისა და გაზის ექსპორტის შემოსავალმა $18,5 მილიარდი შეადგინა, რაც 38 პროცენტით ნაკლებია იმ 30 მილიარდდოლარიან მაჩვენებელზე, რომელიც მოსკოვმა უკრაინაში შეჭრამდე ერთი თვის განმავლობაში მიიღო, წერს Reuters.

IEA-ს აღმასრულებელი დირექტორის, ფატიჰ ბიროლის თქმით, მიზეზი დასავლეთის სანქციები გახდა. "ჩვენ ველით, რომ ნავთობისა და გაზის შემოსავლების ეს კლება უფრო მკვეთრი იქნება უახლოეს თვეებში. და კიდევ უფრო მკვეთრი საშუალოვადიან პერსპექტივაში, ტექნოლოგიებისა და ინვესტიციების ხელმისაწვდომობის გამო", - განუცხადა ბიროლმა Reuters-ს.

კრემლი, რომელმაც გასულ წელს ნავთობისა და გაზის გაყიდვით დაახლოებით 11,6 ტრილიონი რუბლი (146 მილიარდი ევრო) გამოიმუშავა, წელს, ბიუჯეტის დეფიციტის დასაფარად, იძულებული გახდა, საერთაშორისო რეზერვების გაყიდვა დაეწყო, აღნიშნავს Reuters.

ევროკავშირის აკრძალვა რუსული ნავთობპროდუქტების ოფშორული მიწოდების შესახებ 5 თებერვალს ამოქმედდა. 2022 წლის 5 დეკემბრიდან ევროკავშირში რუსული ნავთობის მიწოდებაზე ემბარგო მოქმედებს. ამავდროულად, ევროკავშირმა და G7-ის ქვეყნებმა მესამე ქვეყნებისთვის რუსულ ნავთობზე ფასის ზედა ზღვარი - ბარელზე 60 დოლარი დააწესეს, ხოლო რუსული ნავთობპროდუქტებზე - ბარელზე 45 და 100 დოლარი, ნედლეულის ტიპის მიხედვით.

მკვლევრები ამტკიცებენ, რომ რუსეთის ნავთობის მიწოდების დაახლოებით ნახევარს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული Sovcomflot ან ტანკერების "ჩრდილოვანი ფლოტი" ახორციელებს. ამრიგად, ამ მიწოდებებზე გავლენას არ ფასების ზედა ზღვარი არ ახდენს, წერს Bloomberg.