ამის შესახებ ინფორმაციას პოლონური პორტალი dziennik ავრცელებს.

„რუსეთმა შეაჩერა ნავთობის მიწოდება პოლონეთისთვის, რისთვისაც ჩვენ მზად ვიყავით. ნედლეულის მხოლოდ 10 პროცენტი შემოდიოდა რუსეთიდან და ჩვენ მას სხვა ქვეყნების ნავთობით ჩავანაცვლებთ", - დაწერა ტვიტერზე დანიელ ობაიტეკმა, პოლონეთის ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა PKN Orlen-ის გამგეობის თავმჯდომარემ.  

ცოტა უფრო ადრე PKN Orlen განაცხადა, რომ აღარ იღებს ნედლ ნავთობს ნავთობსადენიდან „დრუჟბა" და დასძინა, რომ მიწოდება რუსეთის მხარემ შეწყვიტა. 

კომპანიამ  განმარტა, რომ მილსადენით ნავთობის იმპორტი, რომელიც  სანქცირებას არ ექვემდებარებოდა, კონტრაქტის ვადის გასვლამდე ხორციელდებოდა, მაგრამ მისი მეშვეობით მოთხოვნის მხოლოდ 10%-ის დაკმაყოფილება ხდებოდა.

კომპანია აღნიშნავს, რომ წინასწარ ჩატარებული სამუშაოების შედეგად, დღეს უკვე მზადაა საფრთხე არ შეუქმნას პოლონელი კლიენტების მომარაგებას და მილსადენით მიწოდებული ნავთობი მთლიანად  ჩაანაცვლოს საზღვაო გზით შემოტანილით. 

ამასთან, კომპანიამ აღნიშნა, რომ მას აქვს 2024 წლამდე მოქმედი კონტრაქტი „ტატნეფთან" და შეწყვეტს იმპორტს თუ ევროკავშირი შესაბამის სანქციებს დააწესებს.