რუსეთის ფედერაციის მთავრობამ დიზელის საწვავის ექსპორტზე არსებული შეზღუდვების მოქმედების ვადა გააგრძელა. აღნიშნული ზომა შიდა ბაზარზე სტაბილურობის შენარჩუნებისა და საწვავზე ფასების რეგულირების მიზნით ხორციელდება.
რუსეთის მიერ დიზელის საწვავის ექსპორტის აკრძალვის (და მისი გახანგრძლივების) ოფიციალურ საბაბად შიდა ბაზარზე სტაბილურობის შენარჩუნება, ფასების კონტროლი და დეფიციტის თავიდან აცილება სახელდება. თუმცა, მიზეზების სიღრმისეული ანალიზი უშუალოდ უკავშირდება მიმდინარე გეოპოლიტიკურ ვითარებასა და საომარ მოქმედებებს.
რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულმა დასავლურმა სანქციებმა და ენერგორესურსების ემბარგომ ქვეყნის ეკონომიკა რთულ პირობებში ჩააყენა. ომის ფონზე გაზრდილია სამხედრო ტექნიკისა და თავდაცვის სექტორის საწვავზე მოთხოვნა, რაც შიდა ბაზრის პრიორიტეტულობას ზრდის.
უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატები სისტემატურად უტევენ რუსულ ნავთობგადასამუშავებელ ქარხნებს. ამ თავდასხმების შედეგად რუსეთში საწვავის წარმოების მოცულობა მნიშვნელოვნად შემცირდა, რამაც შიდა ბაზარზე დეფიციტისა და ფასების ზრდის საფრთხე შექმნა.
იმის გამო, რომ წარმოება შემცირებულია, ექსპორტი კი უფრო მოგებიანია ნავთობკომპანიებისთვის, მთავრობა იძულებულია, კანონმდებლობით აკრძალოს საწვავის საზღვარგარეთ გატანა, რათა შიგნით არ მოხდეს ფასების უკონტროლო ზრდა და საწვავის კრიზისი.




