რუსეთმა ღამით კიევზე მასშტაბური სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. როგორც უკრაინის დედაქალაქის მერი ვიტალი კლიჩკო წერს, შედეგად, სულ მცირე, 12 ადამიანი დაშავდა, მათ შორის, 10 და 12 წლის ბავშვები. "საავადმყოფოებში იმყოფება ცხრა დაშავებული", – აღნიშნულია პოსტში.
მოგვიანებით, კიევის ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსული თავდასხმის შედეგად დაშავებული 10 წლის გოგონაა.
გარდა ამისა, დილისთვის ცნობილი გახდა უკრაინის დედაქალაქის სოლომონისა და დნიპროს რაიონებში საწყობების დაზიანების შესახებ. ქალაქის ადმინისტრაციის ცნობით, დნიპროს რაიონში ასევე დაზიანდა საცხოვრებელი სახლი.
თავის მხრივ, კლიჩკო მიუთითებს, რომ დნიპროს რაიონში დაზიანდა სამსართულიანი საოფისე შენობის ფასადი და მინები. რამდენიმე საცხოვრებელ სახლში ჩაიმსხვრა ფანჯრები. კლიჩკოს ინფორმაციით, სვიატოშინის რაიონში დაზიანება მიიღო არასაცხოვრებელმა შენობამ.
იმავდროულად, უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურმა განაცხადა, რომ კიევის გოლოზეევის რაიონში დაზიანდა უმაღლესი სასწავლებლის ოთხსართულიანი შენობის ფასადი და მინები. ამ სასწავლებლის სახელწოდება არ ზუსტდება. როგორც ცნობიდან ირკვევა, ამ ინციდენტის შედეგად დაღუპულები და დაშავებულები არ ყოფილან.




