ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის საბჭოს საგარეო კომიტეტის მიერ ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან ურთიერთობის გაღრმავების  ხელშეკრულების რატიფიკაციას შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ.

ხელშეკრულება, რომელსაც  ხელი მიმდინარე წლის 9 მაისს, მოსკოვში, ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოაწერეს, სახელმწიფო სათათბიროს მიერ 13 მაისს იქნა რატიფიცირებული.  

„თუ სხვა წინადადებები არ არის, მოდით, მხარი დავუჭიროთ ამ მნიშვნელოვანი დოკუმენტის რატიფიკაციას. ვინც მომხრეა, გთხოვთ, ასწიოთ ხელი. გმადლობთ. ვინმე წინააღმდეგია? მე ვერ ვხედავ ვერავის, ვინც თავი შეიკავა; გადაწყვეტილება ერთხმად იქნა მიღებული“, - განაცხადა, მედიის ცნობით, რუსეთის ფედერაციის საბჭოს საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გრიგორი კარასინმა.

დოკუმენტის თანახმად, რუსეთის ფედერაცია და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა გეგმავენ თანამშრომლობის გაძლიერებას სხვადასხვა სფეროში, მათ შორის კოორდინირებული საერთაშორისო და თავდაცვის პოლიტიკის გატარებას, სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას და ინფრასტრუქტურის განვითარებას. გარდა ამისა, შეთანხმების ფარგლებში, რუსეთის ფედერაცია და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა გააერთიანებენ კანონმდებლობას შრომის, სოციალური დაცვისა და საპენსიო უზრუნველყოფის სფეროებში, მათ შორის მოქალაქეების სამუშაო სტაჟის ურთიერთაღიარების საკითხში.