5 ოქტომბრის ღამეს, რუსეთმა უკრაინის ოდესის ოლქზე ახალი მასიური იერიში მიიტანა. ხელისუფლების ცნობით, დაზიანდა სამრეწველო და საპორტო ინფრასტრუქტურა. რუსული დარტყმების შემდეგ მასშტაბური ხანძრები გაჩნდა, თუმცა ისინი უკვე ლიკვიდირებულია და დაშავებულები არ არიან.

ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ კიპერის განცხადებით, ძლიერი დაკვამლიანების გამო, ოდესის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის სპეციალისტებმა დარტყმების შედეგად დაზიანებული ტერიტორია შეამოწმეს. გაზომვების შედეგად საშიში ნივთიერებები არ აღმოჩენილა.

სამრეწველო ზონის გარდა, ოდესის ოლქის სხვა რაიონში იერიშის სამიზნე სააგარაკე კოოპერატივი გახდა. იქ კერძო სახლებს ცეცხლი გაუჩნდა. შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში 90-ზე მეტი მეხანძრე ჩაერთო.

გავრცელებულ ცნობებში აღნიშნულია, რომ მაღალი ტემპერატურის გამო, მეხანძრეებს მუშაობა უკიდურესად რთულ პირობებში უწევდათ. ვითარებას ართულებდა საჰაერო განგაშის მუდმივი სიგნალებიც, რომლის დროსაც მაშველები თავიანთი მოვალეობის შესრულებას აგრძელებდნენ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 5 ოქტომბერს განაცხადა, რომ რუსულმა ძალებმა ღამით შავ ზღვაში ორ უკრაინულ მშრალტვირთმზიდავ გემზე მიიტანეს იერიში. რის შედეგადაც, უწყების ცნობით, ჩერნომორსკის პორტში განადგურდა საწვავის საცავები, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალების მომარაგებისთვის იყო განკუთვნილი, ასევე დაზიანდა მშრალტვირთმზიდავი სამხედრო აღჭურვილობით.

კიდევ ერთ მშრალტვირთმზიდავზე, რომელსაც, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, სამხედრო ტვირთი გადაჰქონდა, თავდასხმა ოდესის სამხრეთით განხორციელდა. რუსეთის თავდაცვის უწყებამ ასევე გაავრცელა ინფორმაცია ხარკოვის ოლქში, ქვესადგურ "კოჩეტოკზე" მიტანილი იერიშის შესახებ.

ამავდროულად, ხარკოვის მერმა, იგორ ტერეხოვმა განაცხადა, რომ სამრეწველო რაიონზე რუსული რეაქტიული დრონებით მიტანილი დარტყმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და კიდევ 8 დაშავდა.

ტერეხოვის თქმით, ადამიანები საცხოვრებელ სახლებთან ახლოს სამი დრონის ჩამოვარდნის შედეგად დაშავდნენ. ხუთ მრავალსართულიან სახლში ჩამსხვრეულია ფანჯრები და დაზიანებულია სახურავები.