"წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის აღკვეთის შესახებ" ევროპული კონვენციის ხელმოწერიდან 29 წლის შემდეგ, რუსეთი ამ შეთანხმებიდან ოფიციალურად გავიდა. კონვენციიდან გასვლა ძალაში კვირას, 1-ელ ნოემბერს შევიდა. ამის შესახებ ევროპის საბჭომ (CoE) განაცხადა.
სტრასბურგში შეახსენეს, რომ ეს გადაწყვეტილება რუსეთის ხელისუფლებამ მიიღო, რომელმაც ევროპის საბჭოს ამის შესახებ ოფიციალურად 2025 წლის 30 ოქტომბერს აცნობა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კონვენციიდან გასვლა შეტყობინებიდან ერთი წლის შემდეგ შედის ძალაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის ფედერაცია კონვენციის მონაწილე 1998 წლიდან იყო და 2021 წლამდე წამების აღკვეთის ევროპული კომიტეტის (CPT) წარმომადგენლებმა რუსეთში 30 ვიზიტი განახორციელეს, რა დროსაც 450-ზე მეტი თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება მოინახულეს. ევროპის საბჭოში შეახსენეს, რომ ამავდროულად, რუსეთი რჩებოდა ერთადერთ სახელმწიფოდ, რომელიც უარს ამბობდა კომიტეტის ვიზიტების შესახებ ანგარიშებისა და მათზე პასუხების გამოქვეყნებაზე. მხოლოდ ოთხი ანგარიშის გასაჯაროება იყო ნებადართული.
"გამოუქვეყნებელი ანგარიშები ეხება როგორც გეგმურ, ისე სპეციალურ ვიზიტებს, მათ შორის 2000-დან 2017 წლამდე პერიოდში ჩეჩნეთსა და ჩრდილოეთ კავკასიაში განხორციელებულ 10 ვიზიტს. რუსეთს შეუძლია, ნებისმიერ დროს დართოს ნება ამ დოკუმენტების გამოქვეყნებაზე", - აცხადებენ ევროპის საბჭოში.
განცხადებაში ასევე ხაზგასმულია, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, ევროპის საბჭომ მიიღო დიდი რაოდენობით შეტყობინება რუსეთის დაკავების იზოლატორებში, როგორც რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, ისე უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სავარაუდო წამებისა და სასტიკი მოპყრობის შესახებ. რუსეთის ხელისუფლების მხრიდან თანამშრომლობაზე უარის თქმის გამო, ვითარების შესაფასებლად წამების აღკვეთის ევროპულმა კომიტეტმა რუსეთის ფედერაციაში ვიზიტი ვერ შეძლო, აცხადებენ სტრასბურგში.
"მსგავსი პოზიცია ეწინააღმდეგება უკრაინის ხელისუფლების მიდგომას, რომელიც აგრძელებს წამების აღკვეთის ევროპული კომიტეტისთვის თავის ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში წვდომის მინიჭებას კომიტეტის მიერ შერჩეულ ნებისმიერ დროს. უფრო მეტიც, უკრაინა ხელს უწყობს გამჭვირვალობას და აგრძელებს კომიტეტის ანგარიშების ავტომატურად გამოქვეყნებას", - აღნიშნულია განცხადებაში.
წამების აღკვეთის ევროპული კომიტეტის (CPT) ხელმძღვანელმა ალან მიტჩელმა განმარტა, რომ წამების საწინააღმდეგო კონვენციიდან რუსეთის ფედერაციის გასვლა, სხვა საკითხებთან ერთად, ნიშნავს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე თავისუფლების აღკვეთის ადგილებზე ნებისმიერი სახის დამოუკიდებელი კონტროლის შეწყვეტას.




